“მეტი სილურჯე ქალაქს!”

იყო დრო, როცა ყვითელი ავტობუსები შემოიყვანეს ქალაქში, ყველაფერი გადაყვითლდა და მთელი თბილისის სალაპარაკოც მხოლოდ ეს იყო. ყველას მხოლოდ ავტობუსების თემა ეკერა პირზე. მსჯელობდნენ საჯაროდ, ქუჩებში, ტელევიზიაში და უფრო მეტს თვით ავტობუსებში – აფასებდნენ ინტერიერს, მძღოლების ყვითელ ჰალსტუხებსა და გაპრიალებულ გაპარსულ სახეებს. ცოტა ხნით მაინც ამოზნიქა ჩვენმა თბილისმა სიამაყით მკერდი – ნახეთ როგორი სილამაზე დაცუცუნობს ჩემს გულზეო. მაგრამ დრონი მეფობენო ხომ გაგიგიათ, ჩვენს ქალაქში კი ნამეტანი თემურლენგური “დროება” სუფევს – ისეთნაირად გადაგვივლის, რომ ერთიანად შეგვმუსრავს ხოლმე – და ჩვენს ყვითლებსაც (მოფერებით ასე ვუწოდებ) ეგ ბედი ეწიათ – გახუნდნენ, გაიზნიქნენ, დაჩაჩანაკდნენ, ნელ–ნელა აამტვერეს და ააქოთეს ისედაც არც ისე კარგი სურნელის მქონე “დედა” ქალაქი.  მაგრამ მარტო დროს რა ვუთხარი, ხალხიც რომ არ ინდობს? “ნინიშკა + ოთიკო” “დამირეკეთ” “მე თქვენი დედა…” და მსგავსი წარწერებით აჭრელებული დანაგვიანებული და გახრიოკებული ავტობუსები, ბოლოს რომ მხოლოდ მაშინ გაწმინდეს, როცა “დედა” ქალაქის გულში პირველად უშვებდნენ სასიარულოდ.

მოგვაბეზრეს თავი ამ ყვითლებმა. რაღა დროს ესენიაო ბევრი იფიქრეს და ყვითელი უცბად ლურჯით შეგვინაცვლეს. შეგვინაცვლეს და დაიწყო ხელახლა ალიაქოთი – აბა ვნახოთო, აბა ჩავსხდეთო.  ისიც რომ რაღაცნაირად ყოყოჩურად დაიარება თბილისის ქუჩებში? ხალხიც თვალს რომ აყოლებს და შიგადაშიგ ისეთი “ტიპებიც” უღებენ ფოტოებს პირდაპირ ინსტაგრამზე ასატვირთად რომ სჭირდებათ – აი ნახეთ მე ავტობუსი დავინახეო. აუცილებლად ფერებსაც გაუსწორებენ დადებამდე და ალბათ ყველას სულ სხვადასვხა ლურჯი ექნება გამოჭენებული თავიანთ გვერდზე. მაგრამ ნამდვილი ლურჯი მაინც სულ სხვაა.

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ჩემი სამსახურიც იმ მხარეს არის, ეს ჩვენი ლურჯა რომ დაიარება და აწ უკვე ხშირად მეც გადამზიდავს სხვებთან ერთად. მაგრამ ასეთი ავტობუსები ჩემთვის არ ახალია ( რა ვუყო, თავს გამოვიდებ და ვიტყვი ბევრგან ვმჯარვარ და ასეთი აღფრთოვანება უკვე კარგა ხანია გადახარშულიც მაქვს). მაგრამ ჩვენი ქალაქისათვის ნამდვილი სიახლეა. პირადად ვუსმენდი დიალოგებს სკოლის მოსწავლე ორ გოგოს შორის– აბა დაჯექი – ეუბნებოდა ერთი მეორეს –კომფორტულია? ეს სჯობია თუ ის ძველი? მეორე ბავშვიც ვითომ სინჯავსო უკეთ მოთავსდა სავარძელში. ავტობუსის საავარიო ბევრი ღილაკიც იტყუებს ალბათ თვალს და ძალაუნებურად მგზავრებს სურვილი უჩნდებათ ყველაფერს სათითაოდ მიაჭირონ ხელი. საბედნიეროდ ალბათ იცოცდნენ ჩვენი ეს უხერხული ნაკლი და ყველა ღილაკი გათიშულია. აჭირეთ ახლა რამდენიც გსურდეთო დაგვცინეს ნამდვილად. მძღლებიც დაუწკეპავთ და ისევ გაპარსულები წამოჭიმულან საჭესთან შემაღლებულად. მგზავრებსაც უფრო ომახიანად უჯავრდებიან – გამოიწიეთ კაცო კარიდან. სენსორულია და ვერ იხურებაო. ხალხმაც რა ქნას არ იცის წითლად ანთებული ციმციმას დანიშნულება. მოკლედ სანამ შევეჩვევით ამ ახალ ხილს, ალბათ კარგა ხანი გავა, სანამ ისევ დროება არ გადაუვლის ჩვენს ლურჯებს და ყვითელივით მათაც გაცრეცა და წელში გაზნექვა არ დაემუქრებათ. მანამდე კი ნამდვილად მეტი ასეთი “სილურჯე სჭირდება ქალაქს.”

Leave a comment