დღე მეცხრე

დღეს საღამოს ერთი ბოშა გოგონა შვენიშნე, სავაჭრო ცენტრ გალერის მეოთხე სართულზე მაგიდასთან იჯდა და წვენს წრუპავდა. მე და ჩემი მეგობარი მაკდონალდსის ორმაგი ჩიზბურგერის მენიუს ვამუშავებდით, როცა ამ სრულიად უწყინარ გოგონას დაცვა მიუახლოვდა და ადგილის დატოვება მოსთხოვა. მეც, და ჩემი მეგობარიც გავიტრუნეთ. ის ბოშა გაჯინიანდა – რატომ უნდა წავიდე, არაფერს ვაშავებო. რაღაცას ეუბნებოდა დაცვის ბიჭი, და ერთ მომენტში შენი ჯიშიცო გავიგონეთ. ეს გოგო წამოხტა და თურმე ფეხმძიმედ არ ყოფილა, იმხელა მუცელი ედო. ხომ არ გგონია ბალიში მიდევს, ცუდად ვარ და იმიტომ ვზივარ აქო. მერე კი მეტი სიცხადისთვის მუცელზე ჯემპრი აიწია და გაბუთქული მუცელი მოიშიშვლა – აი ნამდვილად ფეხმძიმედ ვარო. ამ დაცვამ რო ვერაფერი დააკლო, მეორე გამოიძახა. ის მეორე უფრო თავაზიანი აღმოჩნდა და მალევე შეეშვა. მაგრამ ნურას უკაცრავად, ვიღაც მესამეც მოიყვანეს. მანდ კი გავბრაზდი, და რო ჩამიარეს, გავაჩერე (ცალ ხელში გაკბეჩილი ორმაგი ჩიზბურგერი მეჭირა მეორეში კი კეტჩუპში კარგად ამოვლებული ერთი ცალი ფრი მქონდა ჩამოკონწიალებული) და შევეკითხე – იმ გოგონას რატომ აგდებთ მეთქი. ოღონდ ისეთი თავაზიანი ვიყავი, პირდაპირ თაფლად დავიღვარე. დაიწყო იმ ბიჭმა ახსნა: განა იმიტომ ვაგდებ, რომ ციგანიაო (ჯერ ერთი ციგანი კი არა ბოშა), არა უბრალოდ აი რანაირად ზისო, წამოპლაკვულიო. მიეცით შენიშვნა და გასწორება, რატო აგდებთ ეგრევე თქო, თან ფეხმძიმეა. ეგრე ბოდიში და ყოველი მეორე ფეხმძიმეაო. ეგ რანაირი გამართლებაა თქვენი საქციელისთქო. მაინც გააგრძელა: არ შიძლება თან აქ ჯდომა ისე დასასვენებლადო. რამეს უნდა ჭამდესო. წვენი ხომ უდგას მეთქი. ხო მარა აქ არაა ნაყიდიო. მე ხშირი მომხმარებელი ვარ აქაურობის და ვზივარ უბრალოდ და ან ვმუშაობ ან ვისვენებ თქო ყოველგვარი საჭმლის გარეშე. იმან ისევ იბლუყუნა რაღაცები, რამე რო დააშავოსო?, ააა ანუ მაინც რახან ბოშაა აპრიორი ელით მისგან რაიმე ცუდს თქო. ეგრე როგორ შეიძლება. რამე რო მოხდესო მე მომთხოვენ პასუხსო. თქვენც წინასწრ იზღვევთ თავს და აგდებთ პირადი შეხედულებების გამო და მაინც ვერ მივხვდი რატომ სთხოვთ წასვლას თქო. დასვენება თუ უნდა სხვაგან დაისვენოსო. აქ სასაჭმლე ადგილიაო. მე კი ვუპასუხე რომ არასწორი იყო, ეს სართული დასავნებელი და საკვები ადგილია, სადაც ყველას შეუძლია მოსვენება, რადგან არაა კაფეები ზონებად დაყოფილი, არის უბრალოდ მაგიდები, რომელიც არავის ეკუთვნის, თუ ის არაა ბრენდირებული. ის მაინც თავისას ერეკებოდა. ბოლოს დავინახე წამოდგა ის გოგო და თვითონვე წავიდა წვენი რო ჩაცალა და მეც შევეში ამ დაცვას. მადლობა გადავუხადე ინფორმაციის მოწოდებისთვის, თუმცა ის მაინც იმავეს იმეორებდა “ხომ ხვდებით, ხომ ხვდებით”     

Advertisements

დღე მერვე

ხატვაზე მასწავლებელი გვეუბნებოდა – ერთ მონასმს ორჯერ ვერ გაიმეორებო. ერთნაირი მაინც არ გამოგივაო. ხოდა დღეს შევნიშნე, რომ ძალიან ხშირად ვცდილობ ერთი და იგივე მომენტი გავიმეორე. არადა ვერასდროს გაიმეორებ მომენტს ისე, რომ ზუსტად იგივე შეგრძნებები გქონდეს, როგორც წინაზე. ის აუცილებლად ძალიან განსხვავებული იქნება, ან უკეთესი ან უარესი, მაგრამ არა იგივე. ვერ ვისწავლე ჭკუა და ვეკიდები ამ მომენტებს უსასრულოდ, ბოლოს კი იმედგაცრუებული ისევ თავს ვიტუქსავ, ჩემი სისულელის გამო და რაღა აზრი აქვს.

დღე მეშვიდე

სინამდვილეში მეშვიდე კი არა, ხუთას ოცდამეშვიდე დღეა ალბათ. არ გამომდის მიმდევრობით წერა. ძალიან მოუცლელი გავხდი სამსახურში.  და მაინც…

დღეს შევნიშნე ის, რაც დიდი ხანია შემჩნეული მაქვს და უბრალოდ კიდევ ერთხელ გადავეყარე. ანუ ის, რომ ყველაზე კარგ გადაწყვეტილებებს მაშინ ვიღებ, როცა ნაწყენი ვარ, გულნატკენი და სულნატკენიც. სევდიანობის ჟამს ყველაზე გულწრფელი ვხდები, პირველ რიგში საკუთარ თავთან. როცა ხელს ჩავიქნევ ერთ რაღაცაზე, აუცილებლად სხვა რაღაც გამოანათებს ხოლმე. დინებას მიჰყვება ყველაფერი და თითქოს არეული ფაზლის ყველა ნაწილი თავის ადგილას ჯდება. და ამიტომაც, როცა ჰგონიათ, რომ არ უნდა იტირო, გამშვიდებენ, გულს გიკეთებენ, ცდებიან.  ცდებიან იმიტომ, რომ ჯერ უნდა დაიცალო, ყველანაირ ცრემლად დაიღვარო (ნიანგისა და ზვიგენისაც) და მხოლოდ მაშინ, როცა ბოლომდე გამოიფიტები, ახლით შეივსო სხეული. და ახლაც, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მოსახვევში, ჩემი ცრემლად ღვრა მომცემს ძალას, ვიყო გულწრფელი და ჩემი გულიც სწორად გაიგნებს გზას ემოციების არეულ ნაკადში. 🙈

 

 

ნიურნბერგის პროცესი

ნიურნბერგის პროცესი რომ ძალიან ცნობილი და პრეცედენტული მოვლენაა, ისტორიის სკოლის პროგრამიდან მაინც ვიცით. მაგრამ დეტალურად რა მოხდა იქ, ნაკლებს თუ გაუგონია.

ბიბლუსში ბოდიალისას ერთ წიგნს გადავაწყდი. დიდად დაწერილმა სათაურმა მიმიზიდა “ნიურნბერგის პროცესი”. ეს ბოლო პერიოდია ომის თემატიკით ვარ დაინტერესებული და ისტორიული წიგნებით, შესაბამისად ეგრევე დავავლე ხელი ოდნავ შელახულ ბოლო ეგზემპლარს და ვიყიდე. უფრო იმან მიმიზიდა, რომ ქართველის მიერ იყო დაწერილი, და თან იმ ქართველის, რომელიც ნაციზმის გასამართლების პროცესში საბჭოთა კავშირის სახელით იღებდა მონაწილეობას. ეს გახლდათ მიხეილ კვესელავა, რომლის შესახებაც ამ წიგნამდე არაფერი ვიცოდი.  მთელი პროცესს დეტალურად გადმოსცემს. თითოეულ “მთავარ” დამნაშავეს აღგვიწერს. იმდენად დიდი იყო ეს პროცესი, იმდენად მძიმე, რომ მოკლედ, ერთ წიგნში ჩატეულიც კი თითქოს საკმაოდ იწელებაო. განსაკუთრებით ბოლოსკენ, როცა უკვე ეჩვევა მკითხველი აღწერილ საშინელებებს და ბრალდებულთა გამუდმებულ თავის დაძვრენის მცდელობებს.  კითხვისას სულ ის მაინტერესებდა, ჰიტლერი რომ გადარჩენილიყო და თავი არ მოეკლა “მგლის ბუნაგში”, როგორ წარიმართებოდა მთელი პროცესი. როგორ გაიმართლებდნენ თავს ბრალდებულები. შეაწმენდნენ თუ არა ხელს ჰიტლერს ტექსტებით – “მე არაფერი ვიცოდი, ყველაფერს ჰიტლერი განაგებდაო”. თუ პირიქით, მეტ ძალას შემატებდა თავის თანამებრძოლებს და ისინიც უფრო მეტი სიმამაცით შეხვდებოდნენ მათ წინ გადაშლილ აურაცხელ მტკიცებულებას – საბუთებს, წერილებს, მემუარებს თუ მათი დანაშაულის აღმწერ დოკუმენტურ ფილმებს, რომელთაც თავადვე იღებდნენ მომავალი თაობებისათვის. თავად ჰიტლერი როგორღა იმართლებდა თავს. მაინც თავისაზე იდგებოდა, რომ გერმანული რასა იყო უზენაესი და სხვა დანარჩენი უნდა მოესპოთ, მაინც დაიცავდა დიადი გერმანიის იდეას თუ ისიც სხვებივით გატყდებოდა სამსჯავროს წინაშე და თავს ჩაქინდრავდა. ნუთუ ისიც იტყოდა – “დიდი დანაშაულია ჩადენილი, მაგრამ მე არაფერ შუაში ვარო”.  Continue reading

დღე მეექვსე

დღეს ავტობუსში ძალიან ლამაზი გოგო შევნიშნე. არც ვიცი ლამაზი ვუწოდო თუ საინტერესო. იმიტომ, რომ სილამაზე მაინც ძალიან სუბიექტურია. მაღალი იყო საკმაოდ, და რაღაცნაირად, ჩოგბურთელის აღნაგობა ჰქონდა (სხვას ვერაფერს შევადარე). ანუ არც გამხდარი, არც მოდელის მოყვანილობის არ იყო და მაინც, ყველაფერი თავის ადგილას ჰქონდა. სწორი ნავარჯიშები ფეხები რომ აქვთ (თქვენ წარმოიდგინეთ მუხლს ქვემოთ ვგულისხმობ და არა ზემოთ) ვგიჟდები. გრძელი, წელამდე გრძელი და ძალიან სქელი თმა ჰქონდა. ნახევარი ჩამოშლილი, ნახევარი კი კოსად შეკრული. სახეზე  მაკიაჟი ისე ჰქონდა, თითქოს ბუნებრივი ყოფილიყოს (მაგრამ ჩემნაირი თვალი ყოველთვის ხედავს ტონალურის და ფანქრისა თუ ტუჩსაცხის ფენას!) ტანზე ჯინსის შარვალი ეცვა (მის ადგილას ალბათ ადგილზევე ყინულის ლოლოდ ვიქცეოდი), შიგნიდან კი სქელი და გრძელი, მუქი ნაცრისფერი ჯემპრი მოუჩანდა. მოკლე კაბასავით ჰქონდა. ფეხზე კი ლურჯი კოლგოტები ეცვა (უფრო მოშაბიამისფერო), ყვითელი “ნასკები” და შინდისფერი ფეხსაცმელი. ცალ მხარეს ნოუთბუქის ჩანთა ეკიდა, ხოლო წელის ჩანთა მხარზე ჰქონდა გადაკიდებული და გულზე ეკვროდა დიაგონალურად. მუსიკას უსმენდა აიპოდზე, და თან თავს აყოლებდა. ნეტა რას უსმენდა? სულ უკან, შემაღლებულ პედესტალზე ვიჯექი, და ეს გოგო პირდაპირ წინ მედგა. მაღალი რომ არ ყოფილიყო ვიტყოდი – ზემოდანაც კი გადმოვყურებ თქო. მთელი ავტობუსი ლამის მისკენ აპარებდა თვალს. არ ვიცი რატო – იმიტომ, რომ უკვირდათ გოგო, რომელიც მუსიკის ძალით ხან თავს გადაიქნევდა და ხან თითებს, თითქოს პიანინოზე უკრავსო, ისე აყოლებდა მელოდიას, თუ იმიტომ რომ ჩემნაირად ძალიან მოეწონათ ეს უცხო ხილი. კიდე შევნიშნე ერთი ბიჭი როგორ ამოუდგა გვერდით. დაძაბულიყო (როგორ ეტყობათ ხოლმე) და მომენტებში თვალს აპარებდა მისკენ. ავტობუსი კი საცობში მოყოლილი სულ პატარ-პატარა ნაბიჯებით მიიწევდა წინ და თან მკვეთრი დამუხრუჭებებისგან, ეს გოგო და ბიჭი ლამის ერთმანეთს ეჯახებოდნენ. თავს დავდებ ის ბიჭი სპეციალურად არ იწეოდა გვერდით, თუმცა ქვეყნის ადგილი ჰქონდა. მომკალით და ეგრეა. გოგონამ კი ზუსტად იცოდა სცენის დედოფლად რო იყო ქცეული. სამწუხაროდ მალევე ჩავიდა და ის “ჩემი ბიჭიც” ხელმოცარული შერჩა იმ ერთ ადგილს. ჰო, სულ ეს იყო. 😀

დღე მეხუთე

დღეს კინოში, სეანსის შემდეგ, ტუალეტში შევედი და ცოტა ხანი რიგში დგომა მომიწია. ვიდექი და ერთი რამ შევნიშნე. რიგში მომლოდინეები დიდი მოუთმენლობით რომ გამოირჩეოდნენ (არამგონია იმის გამო, რომ ძალიან უჭირდათ, უბრალოდ რიგში დგომას არ არიან ჩვეულნი), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილ, ცალკე კაბინაში შედიოდნენ. მერე კი უცბად გამახსენდა დღეს ჩემი თანამშრომელი ყვებოდა, როგორ შეასკდა მანქანით ხეს როცა მანქანის გამოყვანას ცდილობდა პარკირებიდან. თუმცა სადაზღვეო ვერ გამოიძახა, რადგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირებისთვის განკუთვნილ ადგილას ჰქონდა გაჩერებული და ეგეთ დროს არაფერსაც არ აუნაზღაუდებდნენ. პირიქით, აქეთ მოუწევდა ჯარიმის გადახდა. ხოდა იმაზე დავფიქრდი გვაქვს თუ არა ჩვენ, შმმ პირებისთვის განკუთვნილი სივრცით სარგებლობის უფლება, თუნდაც ტუალეტში, როცა პარკირების დროს მკაცრად ვცდილობთ დავიცვათ წესი და ეს წესი რატომ აღარ ეხება სხვა ადგილებს.

დღე მეოთხე

დღეს ორი ბიჭი შევნიშნე. კარგი ამინდი იყო. შაბათი. თავისუფლების დღე. ამიტომაც სირცხვილი იყო გარეთ რომ არ გავსულიყავი. მეგობართან გადავწყვიტე წასვლა. გზად კი ბუკინისტურ წიგნებთან შევჩერდი. ერთი კაცია, უსაშველოდ იაფად ყიდის წიგნებს. თან კარგებს. ცოტა შელახულებს მაგრამ არაუჭირს. მაგ ფასად მართლა კარგებია. ბევრი თვალიერება-ძებნის მერე ერთი წიგნი შევარჩიე. კარგი გამოცემა, ქართველი მწერლის ნაწარმოებების კრებული. ფული მივეცი. ხურდა არ ჰქონდა და დასახურდავებლად იქვე ჯიხურისკენ გაემართა. სანამ ველოდებოდი ირგვლივ მოვავლე ხალხს თვალი. ზუსტად ორ-სამ მეტრში ორი ბიჭი იჯდა. ალბათ 15-16 წლის იქნებოდნენ. ვუყურებდი და ძალიან თვალში საცემი იყო კონტრასტი მათსა და ამ წიგნებს შორის. ეს ის მომენტი იყო, როცა დასკვნები მხოლოდ გარეგნობით და ქცევებით გამოგაქვს. ორივე ძველბიჭურად იყო მოკალათებული სკამზე. ერთი მეორეს რაღაცას უყვებოდა არტისტული ჟესტიკულაციების თანხლებით თან ცალ ხელში სიგარეტი ეჭირა. დრო და დრო პირთან მიჰქონდა და ღრმად შეისუნტქვადა მის კვამლს. ე.წ. ნაპასს ნაპასზე უტყავდა. მეორე გამხდარი იყო შედარებით და ორად მოკეცილი თავს უქნევდა, თან ისიც სიგარეტს “აბოლებდა”. მზერა ისევ წიგნებზე გადმოვიტანე, და პირველი ის ვიფიქრე ნეტავ ამ წიგნებიდან რომელიმეს ოდესმე რაიმე თუ წაუკითხავს მეთქი. შეიძლება ვცდები კიდევაც და ნაადრევი დასკვნები გამოვიტანე. მაგრამ ის, თუ როგორ იდგნენ, და რანაირად ლაპარაკობდნენ, რა სიტყვებით, მაფიქრებინებს, რომ არ ვცდები. ამასობაში ხურდაც მივიღე და გზა გავნაგრძე.