მიყვარდეს თუ არ მიყვარდეს ჩემი დაბადების დღე?

29 წელი შემისრულდა. ასე თავხედურად და საჯაროდ გავცემ ქალებისთვის მნიშვნელოვან საიდუმლოს – საკუთარ ასაკს. დიდი გოგო ვარ ნამდვილად. მაგრამ დიდად თავს საერთოდ ვერ ვგრძნობ. არც სახეზე მეტყობა რამე და, მითუმეტეს, არც მენტალურად განვსხვავდები 23-24 წლის ახალგაზრდისგან. იშვიათ შემთხვევებში კიდევ უფრო პატარა, თინეიჯერ სტუდენტს ვემსგავსები.

დაბადების დღე არ მიყვარს, უფრო სწორად ამდენი წელია ჯერ ვერ დავადგინე, მიყვარს თუ არ მიყვარს (რამდენადაც დაბადების დღე შეიძლება გიყვარდეს ან არ გიყვარდეს). ისე მიახლოვდება ხოლმე ეგ თარიღი, რომ ჩემ მშობლებსაც მხოლოდ წინა დღეს თუ გაუნათდებათ სახე – უი ხვალ “ბავშვის” დაბადების დღეა (ჰო, მათთვის ჯერ კიდევ ბავშვი ვარ და, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე ასეთად დავრჩები). იმდენად მაქვს გამჯდარი სისხლში ეს უემოციო დამოკიდებულება ამ დღესთან დაკავშირებით, რომ ნელ-ნელა ჩემს გარშემომყოფებისთვისაც სულერთი “გავხდი” და სტუმრობაზე უკვე აღარც არაფერს მეუბნებიან. არც ოჯახში აღვნიშნავთ ხოლმე და ტორტიც კარგა ხანია არ ყოფილა ამ დღეს ჩვენი “სუფრის” ნაწილი.  არა სუფრას საერთოდაც აღარ ვშლით ხოლმე. ჩვეულებრივი, სუპითა და სხვა ყოველდღიური სადილით შემოვიფარგლებით. ეს უფრო იმის ბრალია, რომ არ მიყვარს პომპეზურობა, არც ქეიფები და დროსტარებები. არც კლუბებში სიარულით ვიკლავ თავს. ბევრი პენსიონერს მეძახის, თუმცა ეს არ მაწუხებს, იმიტომ, რომ ასე არ არის. ძალიანაც მიყვარს მეგობრებთან ერთად დროს ტარება, მაგრამ რატომღაც არა ჩემს დაბადების დღეს. მაინც ვერ დავადგინე რატომ. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ საკითხს გლობალური ჭრილიდან ვუყურებდი. შორიდან თუ შეხედავ, ჩვენი დაბადება არ განსხვავდება ათასი ჭიანჭველის კვერცხის ჩეკვისგან. ყველანი განსხვავდებიან, მაგრამ ჩვენთვის მაინც ერთნაირები არიან. ჩვენც ასე, ადამიანები, განსხვავებულები, ინდივიდები, ვაკეთებთ ყოველ დღე ჩვენს საქმეს, ვფუსფუსებთ და ბოლოს ვიხოცებით. ასეთები ვჩანვართ ალბათ ვინმე მარსიანელისთვის. მაგრამ ის, რომ ინდივიდები ვართ ჩვენს სამყაროში, ამ შეხედულებას აბათილებს, და მოკლედ ისევ ვერ გავიგე, რატომ ვთვლი, რომ ამ დღეს საერთოდ არ სჭირდება აღნიშვნა. მაგრამ ყველაზე აფსურდული მაინც ის არის, რომ ჩემი ასეთი შეხედულების მიუხედავად, ზოგჯერ,  როცა ჩემთვის მნიშვნელკოვან პიროვნებას ავიწყდება ჩემი დაბადების დღე, იქ სადღაც, გულის სიღრმეში რაღაც ჩამეწვება ხოლმე. ხოდა წელს ზუსტად ასე, მნიშვნელოვანი ხალხისგან დავიწყებული, თითქოს უემოციოდ მოვაბიჯებდი უკვე ჩემს დაბადების დღეს ღამის ქუჩებში, და უცბად ისე სევდიანად ვიგრძენი თავი. ასაკი მომემატა და ეს სულაც არ მიხაროდა, მაგრამ მეორეს მხრივ, უფრო იმან მომგვარა სევდა, რომ იმ სახლებში, რომელთაც გვედით ჩავუარე, რომელთა ფანჯრებიდანაც შუქი და წყნარი ზუზუნის ხმები გამოდიოდა, რომელთა ფარდების უკანაც ღამის ცხოვრება მიდიოდა, არც ერთმა სულიერმა არ იცოდა, რომ მე დაბადების დღე მქონდა. მხოლოდ ორიოდ კაცმა, რომელსაც სულ ახსოვთ, და მეტმა არავინ.

პ.ს. დაბადების დღეს გილოცავ…

 

2 thoughts on “მიყვარდეს თუ არ მიყვარდეს ჩემი დაბადების დღე?

  1. წარმოუდგენელი ამბავია ჩემთვის. უზომოდ მიყვარს ჩემი დაბადების დღე, სულ ვზეიმობ ამ დღეს და საერთოდაც, ერთი თვით ადრე მეწყება სადაბადების დღეო განწყობა. მგონია რომ 80 წლის რომ ვიქნები მაშინაც ასე ძალიან მეყვარება.
    ყოველ წელს მყავს ერთი-ორი ისეთი ახალი ადამიანი ვისგანაც განსაკუთრებულად ველოდები მოლოცვას :დ მოლოცვები ცალკე თემაა, ვგიჟდები მოლოცვებზე. საჩუქრებს არ ველოდები ისე როგორც მოსალოც ტექსტებს.
    გილოცავ ^_^ ბედნიერ დაბადების დღეებს და ზოგადად, ბედნიერ დღეებს გისურვებ ❤

    Like

    • ჰა ჰა. მართლა? ყველაზე მეტად მოლოცვები მღლის ხოლმე. როგორ უმადურად ვლაპარაკობ. 😀 მე მგონია, რომ უფრო ასაკში უფრო მეტად გამიხარდება და აღვნიშნავ ხოლმე დაბ დღეს.
      პ.ს. მადლობა დიდი 🙂

      Like

Leave a comment